თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება

თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე, 1960 წლიდან. კვლევის საგანს   წარმოადგენდა და კვლავაც რჩება შიგაწვის ძრავები და მასში მიმდინარე პროცესები. განყოფილების დაფუძნებასა და განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს რაფიელ დავალს, ვახტანგ მახალდიანს, აკადემიის წევრ-კორესპოდენტს იოველ ჯებაშვილს, ტ.მ. დ. ბორის კორძაძეს. განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია სამუშოები და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:

▪ ავტომობილის ძრავით დამუხრუჭების  პროცესების კვლევა და დამუხრუჭების ახალი ეფექტები;

▪ საავტოტრაქტორო შიგაწვის ძრავების საექსპლუატაციო პირობებისადმი ადაპტირებული სისტემების დამუშავება;

▪ ზღვის დონიდან სიმაღლის გავლენა შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესზე;

▪ კარბურატორიანი ძრავების სადროსელო რაჟიმები;

▪ დიზელისა და კარბურატორიანი ძრავების ტურბოჩაბერვა, მათი სიმძლავრისა და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების გზების ძიება;

▪ როტორულ დგუშიანი ძრავების მუშა პროცესის კვლევა და სრულყოფა;

▪ კლასიკური დგუშიანი და როტორულდგუშიანი ძრავების გამოცდებისათვის ინფორმაციის გამომტანი სისტემებისა და მზომი აპარატურის დამუშავება;

▪ ცვლადი კუმშვის ხარისხით მომუშავე ძრავა და ძრავების ფორსირების საკითხები;

▪ თავისუფალდგუშიანი ძრავების დამუშვება, მათი მუშა პროცესისა და რეგულირების მექანიზმის კვლევა;

▪ მობილური მანქანებისათვის განკუთვნილი მცირე სიმძლავრის (12-18 კვტ) დიზრლების შექმნა;

▪ შიგაწვის ძრავების გადაყვანა ალტერნატიულ საწვავებზე.

განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები საავტოტრაქტორო ძრავების  თეორიასა და დინამიკაში, რომლებშიც არსებული სახელმძღვანელოებისაგან  განსხვავებით განხილულია სასიმაღლო პირობებისა და ცვალებადი დატვირთვის გავლენა ძრავების მუშა პროცესზე.  განყოფილებაში ძრავების მუშაობის სასიმაღლო პირობების იმიტაციისათვის  ძრავების გამოცდის ელექტრო-ბალანსირული სამუხრუჭო დანადგარის ბაზაზე შექმნილია სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კლიმატური პირობების იმიტაციას ატმოსფეროს მდგომარეობის ფიზიკური პარამეტრების შერჩევის გზით. განყოფილება თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  ქ. ხარკოვის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტის თერმოდინამიკისა და შიგაწვის ძრავების კათედრებთან და სხვებთან სასიმაღლო პირობებში შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის სრულყოფის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

განყოფილების საქმიანობის წარმატებაში თვალსაჩინო როლი შეასრულეს მისმა ყოფილმა, აწ გარდაცვლილმა, თანამშრომლებმა:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ი. ჯებაშვილმა დაამუშვა და შექმნა  ძრავების სასიმაღლო გამოცდების  ლაბორატორია;
  ტ. მ.კ.   ი. ღვინიანიძემ – ძრავების სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორიაში  პირველად განახორციელა სამეცნიერო კვლევითი ხასიათის სამუშაოები, დაამუშვა და შექმნა მცირე სიმძლავრის სამცილინდრიანი დიზელი;
ტ.მ.დ  ი. ეჯიბიამ- დაამუშავა და შექმნა თავისუფალდგუშიანი ძრავა და მისი საგამოცდო ლაბორატორია, ორცილინდრიანი დიზელი.
ტ.მ.კ.  კ. გიგაურმა – ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ტურბოჩაბერვა კარბურატორიან ძრავაში თავისი შექმნილი ტურბოკომპრესორით;
  ტ.მ.კ.  გ. ბადრიშვილმა – დაამუშვა ბენზინიან ძრავებში ანთების სანთლების ორიგინალური ეკოლოგიური კონსტრუქციები.

ჯემალ ჯავახიშვილი

Share this Page